ქართული კინოს დიდი ოსტატი, შედევრების ავტორი, გენიალური ქართველი კინორეჟისორი, მსახიობი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი და უამრავი ჯილდოს მფლობელი – გიორგი შენგელაია დღეს, 17 თებერვალს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა… ერთი სიტყვა, რომელიც სრულიად საკმარისია გიორგი შენგელაიას შემოქმედების, თუ გნებავთ, მისი პიროვნების დასახასიათებლად – ”მეამბოხე”… 60-იანი წლების დასაწყისში, ალექსანდრე დოვჟენკოს მოწაფემ ამბოხით დაიწყო… კოლეგები, კინოს ისტორიკოსები მას 60-იანელთა სიმბოლოდ მიიჩნევენ.
გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს, უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ნიკოლოზ შენგელაიას და ქართული კინოს პირველი ვარსკვლავსის – ნატო ვაჩნაძის ოჯახში დაიბადა. მისი ძმა, ასევე დიდი ქართველი კინორეჟისორი – ელდარ შენგელაიაა. გიორგი შენგელაიამ დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი.(1961, ალექსანდრე დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის სახელოსნო)
1961 წლიდან იგი კინოსტუდია „ქართული ფილმში“, რეჟისორად მუშაობდა.
1974 წელს, გიორგი შენგელაია ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისთვის – „ფიროსმანი“ – „ოქროს ჰიუგოთი“ დაჯილდოვდა. 1986 წელს ქართველმა რეჟისორმა საუკეთესო რეჟისურისთვის, ბერლინის 36-ე კინოფესტივალზე – „ვერცხლის დათვი“ მიიღო, ფილმისთვის – „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“.
გიორგი შენგელაია ისეთი გენიალური ფილმების ავტორია, რომლებიც აღიარებულია ქართული კინოს კლასიკად და ისინი უკვე არასდროს ჩაამოვლენ ეკრანებიდან:
1962 წ. – “ალავერდობა”;
1965 წ. – “ჯილდო”;
1966 წ. – “მაცი ხვიტია”;
1969 წ.– “ფიროსმანი”;
1973 წ.– “ვერის უბნის მელოდიები”;
1976 წ. – “ქვიშანი დარჩებიან”;
1980 წ. – “სიყვარული ყველას უნდა”;
1984 წ. – “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”;
1987 წ. – “ხარება და გოგია”;
1996 წ. – “ორფეოსის სიკვდილი”;
2000 წ. – “სიყვარული ვენახში”;
2005 წ. – „მიდიოდა მატარებელი“.
გიორგი შენგელაიას ფილმმა – „ფიროსმანი“, რომელიც შედევრად არის აღიარებული მსოფლიო კინემატოგრაფისტების მიერ, “ცოცხლად” შემოგვინახა უნიკალური ქართველი მხატვრის ავთო ვარაზის სახე. გიორგი შენგელაიამ გადაიღო პირველი ქართული ვესტერნი – „მაცი ხვიტია”, პირველი ქართული მიუზიკლი – „ვერის უბნის მელოდიები“ და სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია“.
როგორც მსახიობმა, ბატონმა გიორგიმ დაუვიწყარი სახეები შექმნა ფილმებში: „ჩვენი ეზო“, „ოთარაანთ ქვრივი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და სხვა.
“… დღეს ჩვენს ხალხს, ჩვენს ახალგაზრდებს სთავაზობენ “ცნობად სახეებს”, მე არ ვიცი, რას ნიშნავს ეს ტერმინი, ვინ არის ის ხალხი,რომლებსაც ჩვენი ახალგაზრდობა ცდილობს მიბაძოს და მათნაირი ცხოვრებით იცხოვროს… აი ამ ფონზე გამიჩნდა დაჟინებული სურვილი, რომ გავაკეთო რამდენიმე დოკუმენტური სურათი სწორედ იმ ხალხზე, ვისაც ქართველები სახელებით მოხსენიებენ…” – ამბობდა ბატონი გიორგი და გადაიღო კიდეც რამდენიმე საოცარი, სრულიად ორიგინალური, ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი, რომლებიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ქართული კულტურის მემატიანედ და დიდ განძად ახალგაზრდა თაობისთვის: “ჰაჯი მურატი”; “ექვთიმე”; “ილია”; “ვაჟა ფშაველა”.
მადლიერი მაყურებელი კი ასე აფასებს ბატონ გიორგის და მის შემოქმედებას, რაშიც სრულიად ვეთანხმებით: “გიორგი შენგელაიას შემოქმედება არის იმის საფუძველი, რომ დღეს ჯერ კიდევ შეიძლება გვეწოდოს კულტურული ერი!..