C2C Market – კინოფესტივალი „ოქროს გარგარის“ ინოვაციური პროექტი უკან ↩

ერევნის წლევანდელი მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი” 8-15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საკონკურსო თუ სხვა სექციებში გაერთიანებული ფილმების ჩვენებების გარდა, ფესტივალი უკვე მრავალი წელია რაც კინოპროფესიონალებს, საინტერესო ინდუსტრიულ ღონისძიებებს სთავაზობს.

მაგალითად „სომხურ-თურქული კინოს პლატფორმა” წარმოადგენს ვორქშოფების სერიას, რომელიც 2008 წლიდან იმართება. პროგრამა ევროკავშირის ინიციატივის – “დავეხმაროთ სომხეთ-თურქეთს ნორმალიზაციის პროცესს” – ფარგლებში ტარდება და მისი მხარდაჭერით უკვე 20 ფილმი შეიქმნა.

ასევე, როტერდამისა და პუსანის კინოფესტივალების მხარდაჭერით „ოქროს გარგარზე” 2007 წლიდან იმართება პროგრამა „რეჟისორები საზღვრებს გარეთ” (DAB). კინოპროფესიონალებისთვის შექმნილი ეს ქსელი, სხვადასხვა ვორქშოფებს, ფიჩინგებსა და პრეზენტაციებს სთავაზობს მონაწილეებს.

წელს  ფესტივალი „ოქროს გარგარი” ახალ პროექტს ჩაუდგა სათავეში, რომელიც ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი. C2C Market – ფილმების ჩვენებებს, პროექტებსა და სამუშაო პროცესში მყოფი ფილმების ბაზრობას აერთიანებს და ფესტივალის მსვლელობის პარალელურად, ერევანში გაიმართება. მარკეტის მსვლელობისას მონაწილეთათვის შედგება მრგვალი მაგიდები, პანელ დისკუსიები და მასტერკლასები; ახალბედა რეჟისორებს, რომლებიც სადებიუტო ან მეორე ფილმზე მუშაობენ, შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის პროდიუსერებს, რეჟისორებს, ფესტივალის პროგრამების კოორდინატორებს, დისტრიბუტორებსა და გაყიდვების სპეციალისტებს.

სწორედ ამ სიახლეზე სასაუბროდ და პრეზენტაციის გასამართად თბილისში ჩამოსული იყო „ოქროს გარგარის” წარმომადგენელი სონა კარაპოღოსიანი, რომელიც 27 მაისს შეხვდა ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებს ახალ სივრცეში „პოლიტიკა”  და პროექტზე დეტალურად ესაუბრა.

C2C Market-ის კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ფესტივალი იწვევს კინემატოგრაფისტებს მცირე კავკასიის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ირანი). ეს ახალი საერთაშორისო პლატფორმა კავკასიის რეგიონში დამწყებ რეჟისორებსა თუ პროდიუსერებს საშუალებას მისცემს, განავითარონ პირველი და მეორე ფილმის პროექტები, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კინოინდუსტრიის პროფესიონალებთან პიჩინგში და თანადაფინანსება თუ კოპროდუქცია მოიპოვონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

C2C Market სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

მხატვრული ფილმის პროექტების მარკეტი
მარკეტი 9-12 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს თითოეული ქვეყნიდან შერჩეული სამ-სამი საუკეთესო პროექტი. კრიტერიუმებისა და საჭირო ინფორმაციის გასაცნობად, შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://www.gaiff.am/c2c-project-market
დედლაინი 10 ივნისი.

სამუშაო პროცესში მყოფი პროექტების მარკეტი
მარკეტი 13-14 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს თითოეული ქვეყნიდან შერჩეული ორ-ორი პროექტი. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://www.gaiff.am/c2c-work-in-progress-market
დედლაინი 15 ივნისი.

C2C ფილმების ჩვენება
პროგრამის ამ ნაწილში 10 ფილმის ჩვენება გაიმართება. მათი რეჟისორები კი შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ ინდუსტრიული დღეების ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და პანელ დისკუსიებში. ფილმების ჩვენება 9-15 ივლისს შედგება. თითოეული ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა მაყურებელთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაცია C2C Market-ის შესახებ იხილეთ ლინკზე:
http://www.gaiff.am/gaiff-pro/c2c-market