სანტა ბარბარას 35-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 15 – 25 იანვარს გაიმართება, დიმიტრი ცინცაძის ფილმი – “შინდისი” იქნება წარმოდგენილი.
“შინდისი”, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რუსეთ-საქართველოს, 2008 წლის ომის შემზარავ ისტორიას მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა ასრულებენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.
სანტა ბარბარაში “შინდისის” ჩვენებები – 21, 22 და 24 იანვარს გაიმართება.
სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 35-ედ ჩატარდება. წლების განმავლობაში იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინოღონისძიება გახდა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს 95 000 სტუმარს და 200-ზე მეტი ფილმის ჩვენებას. წელს სანტა ბარბარას კინოფესტივალის საპატიო სტუმრები იქნებიან ბრედ პიტი, ლაურა დერნი, სკარლეტ იოჰანსონი, ადამ დრაივერი და რენე ზელვეგერი.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ცინცაძის ფილმი – “შინდისი”, საქართველოს მიერ წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის პრიზის – “ოსკარის” კანდიდატად.