2019 წლის 12 დეკემბერს, ქართველმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა, უნიჭიერესი კინორეჟისორი და სცენარისტი – ზაზა ურუშაძე, რომელიც 2019 წლის 7დეკემბერს, 53 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს… ზაზას წასვლა, კიდევ ერთი, ძალიან დიდი და უმძიმესი დანაკარგია ქართული კინოსთვის და ზოგადად – კულტურისთვის… ზაზა ურუშაძე 1966 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1987 წელს დაამთავრა. 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმი“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. 2013 წლის 9 მაისიდან იყო საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი. ეს თანამდებობა მან, 2019 წლის სექტემბერში, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. 2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული, ესტონურ-ქართული კოპროდუქცია – “მანდარინები”. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ (1989); „აქ თენდება“ (1998); სერიალი – „ცხელი ძაღლი“ (2003-2009); „სამი სახლი“ (2008); „დარჩი ჩემთან“ (2011); „ბოლო გასეირნება“ (2012); „მანდარინები“ (2013); „აღსარება“ (2017); „ანტონი“ (2019). საქართველოს კინოაკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზაზა ურუშაძის გარდაცვალების გამო… უსამძიმრებს ოჯახს, კოლეგებს, მის მეგობრებს და ახლობლებს. „ჩვენ უნდა გვახსოვდეს მთავარი – დავრჩეთ ადამიანებად!“ – ზაზა ურუშაძე. ეს ფრაზა არის ზაზა ურუშაძის გამორჩეული ნიჭიერებით აღსავსე, შესანიშნავი შემოქმედების ძირითადი არსი და შინაარსი… და ამავე დროს – პასუხი ყველა კითხვაზე – მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი…