საქართველოს კინოაკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ცნობილი კინოკრიტიკოსის და კინოხელოვნების მკვლევარის, ქალბატონი ირინა კუჭუხიძის გარდაცვალების გამო…
ირინა კუჭუხიძე იყო კინემატოგრაფიული საზოგადოებრიობის გამორჩეული წევრი – ბრწყინვალე გონების და ლამაზი სულის ადამიანი.
დიდია ირინა კუჭუხიძის წვლილი კინოს შემსწავლელი მეცნიერების განვითარებაში. იგი 1975 წელს, კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოვიდა ქართულ კინოში და უმალ მოიხვეჭა ავტორიტეტი აზროვნების სიღრმით, პროფესიული ეთიკით, შეფასებათა პირუთვნელობითა და სითამამით. უფროსი და საშუალო თაობის კინემატოგრაფისტებს ახსოვთ ის პრინციპული პოზიცია, რომელიც ქალბატონმა ირინამ საბჭოთა ცენზურისაგან ქართული კინოს და არაერთი ცალკეული ფილმის დაცვისას გამოიჩინა.
ირინა კუჭუხიძე წლების განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კინოს სექტორს. მის ნაშრომებს, რომლებიც ეძღვნება 1960-80-ანი წლების ქართული კინოს სტილურ მრავალფეროვნებას, ათწლეულების მიჯნაზე მიმდინარე პროცესებსა და ძირითად ტენდენციებს, კინორეჟისორების – მიხეილ კობახიძის, ოთარ იოსელიანის, ელდარ შენგელაიას, მერაბ კოკოჩაშვილის, ალექსანდრე რეხვიაშვილის შემოქმედების თავისებურებებს, არქეტიპულ ვარიაციებს ქართულ კინოში და სხვ. აქვთ ფუძემდებლური მნიშვნელობა ქართული კინოხელოვნების ესთეტიკური ბუნების არსის კვლევისას.
ირინა კუჭუხიძემ დიდ ამაგი დასდო კინომცოდნეთა ახალი თაობის მომზადებას.
მისმა წასვლამ გული დაწყვიტა ყველას, ვინც მას იცნობდა…
საქართველოს კინოაკადემია უსამძიმრებს ქალბატონი ირინა კუჭუხიძის ოჯახს, თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ახლობლებს, მის მეგობრებს და ვუერთდებით მათ მწუხარებას.