ფილმ „ნამეს“ ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზი მოიპოვა. გიორგი შველიძე Spotlight Award-ის კატეგორიაში იყო წარდგენილი.
ამ ნომინაციის ჯილდოსთვის გიორგი შველიძესთან ერთად იბრძოდნენ ფილმების „Girl“-სა და „The Rider“-ის ოპერატორები. ამ ნომინაციაზე კანდიდატს თავად კინოოპერატორთა საზოგადოება წარადგენს.
ASC Awards, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი, 9 თებერვალს ოცდამეცამეტედ გაიმართა და ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების 100 წლის იუბილეს დაემთხვა.
საქართველოს კინოაკადემია ულოცავს ქართველ კინოოპერატორს ამ უდიდეს წარმატებას!