კანის კინოფესტივალის წლევანდელი თავისებურებები უკან ↩

საფრანგეთში კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო. მისი ჩატარების თარიღი სულ ცოტა ერთი კვირით გადავადდა, მაგრამ ეს ერთადერთი სიახლე არ არის. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული კინოჩვენების დღის წესრიგში 2018 წელს რამდენიმე პრინციპული ცვლილებაა.

წითელ ხალიჩაზე სელფის გადაღება აიკრძალა

ლუმიერის დარბაზის ცნობილ კიბესთან წითელ ხალიჩზე ფესტივალზე დამსწრეებს სელფის გადაღება აეკრძალათ. ეს პრაგმატული გადაწყვეტილება არ არის, რადგან სელფის გადაღება არ აფერხებდა დარბაზისკენ მიმავალ მაყურებელს. ამ მხრივ გაცილებით მეტ პრობლემას ქმნიდა ვარსკვლავების, გადამღები ჯგუფების და ჟიურის წევრების პოზირება ოფიციალურად აკრედიტებული ფოტოჟურნალისტების წინ. სავარაუდოდ, სელფის აკრძალვით ფესტივალის ჟიურიმ კანს წარსულის სულისკვეთება დაუბრუნა და გადაწყვიტა ფესტივალი თვითტკბობის ისეთი თანამედროვე ფორმებისაგან გაეთავისუფლებინა, როგორიცაა საკუთარი თავისთვის ფოტოს  სმარტფონით გადაღება.

პრესის წარმომადგენლები ფილმებს მხოლოდ პრემიერის შემდეგ ნახავენ

ადრე ჟურნალისტები ძირითად საკონკურსო ფილმებს ყველაზე ადრე უყურებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ იმართებოდა პომპეზური საღამოს გალა-პრემიერები ჟიურის წევრებისა და კონკურსანტი ფილმების გადამღები ჯგუფების მონაწილეობით. ახლა პრესა ფილმების ორ-მესამედს რიგით მაყურებელთან ერთად ნახავს (ამასთან, ზოგჯერ ერთსა და იმავე ან სხვადასხვა დარბაზებში – ფილმებზე არსებული სავარაუდო მოთხოვნის მიხედვით), მესამედს კი – საღამოს გალა-ჩვენების მეორე დილით. ჟურნალისტები აღშფოთებულები არიან, დირექცია კი განმარტავს, რომ ყველაფერი სოციალური ქსელების ბრალია: მსახიობებს არ სიამოვნებთ, როდესაც საკუთარ პრემიერაზე დასწრება Twitter-სა და Facebook-ზე კრიტიკოსების მიერ ნაჩქარევი და ნეგატიური გამოხმაურებების გამოქვეყნების შემდეგ უწევთ.

სამი დღე ახალგაზრდებისათვის

კანის ახალი ინიციატივაა ფესტივალზე 18-დან 28 წლამდე ახალგაზრდების მიწვევა. ისინი აკრედიტაციას იღებენ ფესტივალის ბოლო სამ დღეზე. ამ დროისთვის კინო-ბაზრობა დასრულებულია და დარბაზებში თავისუფალი ადგილებიც ჩნდება. ამასთან აკრედიტაციის მისაღებად მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო: ფესტივალის დირექციისთვის დამაჯერებელი წერილის გაგზავნა იმის შესახებ, რომ კინო მართლაც ძალიან გიყვართ.

კონფლიქტი Netflix-სთან

მსოფლიოს უმსხვილესი სტრიმინგული სერვისი Netflix-ი ელვის სისწრაფით გარდაიქმნება მძლავრ პროდიუსერად და არტ-კინოს გამქირავებლად. კანის შარშანდელ კონკურსში მისი ორი ფილმი მონაწილეობდა. მაგრამ კანის ფესტივალს საფრანგეთში კინოგაქრავებასთან დაკავშირებული პირობა აქვს, კერძოდ, ყველა მონაწილე ვალდებულია თავისი ფილმი კინოთეატრების გაქირავებაში გაუშვას, ხოლო ინტერნეტში იმავე ფილმზე მაყურებელს წვდომა მხოლოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ უნდა გაუჩნდეს.

Netflix-ს სხვა პრინციპი აქვს: ფილმები ინტერნეტში ერთბაშად, გამონაკლისის გარეშე ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. შესაბამისად, კანში Netflix-ის ფილმები არ იქნება. საქმე ეხება კინოს მომავლისადმი მიდგომის ორ მოდელს. კანი ემხრობა გაქირავების ძველმოდურ მხარდაჭერას კინოთეატრებში, რომლის დაცვას უნდა ინტერნეტისგან; Netflix – დემოკრატიულ, საყოველთაოდ ხელმისაწვდომ გაქირავებას, მაგრამ არა კინოთეტრებში, არამედ სახლებსა და მობილურ მოწყობილობებზე.

მონაწილეთა შემადგენლობის ცვლილება

ყოველთვის რთულია დაზუსტებით იმის თქმა თუ როგორ მოხვდა ესა თუ ის ფილმი კანის პროგრამაში, ხოლო სხვა – არა. მაგრამ, სპეციალისტების თქმით, ცხადია რომ წელს ფესტივალის ბევრი მუდმივი მონაწილე ღონისძიებაზე არ მიიწვიეს, მათ შორის „ოქროს პალმის რტოს” მფლობელები ბრიტანელი მაიკლ ლი და ამერიკელი ტერენს მალიკი, ან მსოფლიო ფავორიტი, და სწორედ კანის ძალისხმევით ცნობილი იტალიელი პაოლო სორენტინო. სამაგიეროდ, კონკურსში არიან ახალბედები: ეგვიპტელი დებიუტანტი აბუ ბაქრ შაუკი, პოლონელი პაველ პავლიკოვსკი, ლიბანელი ნადინ ლაბაკი, ფრანგი იან გონზალესი და სხვები, და მხოლოდ ერთი რეჟისორი „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელებიდან, თურქი ნური ბილგე ჯეილანი.

პოლიკორექტულობა

წელს, კანმა, ფაქტობრივად პირველად, სერიოზულად იზრუნა იმაზე, რომ ფესტივალზე სხვადასხვა კულტურები, რასები და გენდერი თანაბრად ყოფილიყო წარმოდგენილი. კერძოდ, კონკურსში სამი ქალი რეჟისორი მონაწილეობს. ესენი არიან ნადინ ლაბაკი, ევა იუსონი და ალიჩე რორვახერი. ასევე ფესტივალში, პირველად ბევრი წლის შემდეგ, მონაწილეობს შავკანიანი რეჟისორი სპაიკ ლი, რომელსაც დამოუკიდებელი აფროამერიკული კინოს ნათლიმამად მიიჩნევენ; ბოლოს ის კანზე 25 წლის წინ იყო.

ძირითად ჟიურის ქალი ხელმძღვანელობს – ავსტრალიელი მსახიობი ქეიტ ბლანშეტი. ზოგადად, ჟიურიში ქალი მეტია, ვიდრე კაცი: გარდა ბლანშეტისა, ჟიურიში არიან მსახიობები კრისტენ სტიუარტი და ლეა სეიდუ, რეჟისორი ავა დუვერნეი, ასევე მომღერალი ბურუნდიდან ჰაჯა ნინი, ხოლო სადებიუტო „ოქროს კამერას“ შვეიცარიელი ურსულა მაიერი ხელმძღვანელობს.

პოლიტპატიმრები

კანის ისტორიაში პირველად კონკურსანტებიდან ორი ვერ შეძლებს საკუთარი ფილმის წარდგენას გალა-პრემიერაზე, რადგან მათგან ერთს, ირანელ ჯაფარ ფანახს აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა და კინოს გადაღება, ხოლო მეორე, რუსი რეჟისორი კირილ სერებრენნიკოვი – შინაპატიმრობაშია. მიუხედავად ამისა, ორივემ შეძლო ფილმების დასრულება და ფესტივალზე გაგზავნა.

ქართველები კანის ფესტივალზე

წელს კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში „პალმის რტოსთვის” იბრძოლებს საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქცია “მზის გოგონები”. ფილმის რეჟისორია Eva Husson, ხოლო პროდიუსერები – Didar Domehri, Etienne Comar, ვლადიმერ კაჭარავა, Jospeh Rouschop, Dan Wechsler და Jamal Zeinal Zade. კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმში მონაწილე ქართველი მსახიობებიც გაემგზავრებიან.

ამერიკულმა გამოცემამ Variety 10 ყველაზე წარმატებული პროდიუსერი დაასახელა, რომელთა ფილმებიც წელს ევროპისა და ამერიკის წამყვან კინოფესტივალებზე მონაწილეობდნენ. Variety-ს სიაში ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელ, სანდენსის, ბერლინალეს და სხვა მნიშვნელოვანი კინოფესტივალის პრიზიორი ფილმების პროდიუსერებს შორის მოხვდა ლაშა ხალვაში – ფილმებისთვის „საშიში დედა” და „ჰორიზონტი”. Variety-ს რჩეულ პროდიუსერებს კანის კინოფესტივალის ფარგლებში 14 მაისს Nespresso beach-ზე დააჯილდოვებენ.

კანის კინოფესტივალის რეზიდენციის პროგრამაში Cinefondation მისი ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტის “ნენე” განვითარებაზე იმუშავებს რეჟისორი მარიამ ხაჭვანი.

 

ლარს ფონ ტრიერის დაბრუნება

7 წლის წინ, პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული დანიელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი ბრუნდება ფესტივალზე, რომელმაც მას 1980-იან, 1990-იან და 2000-იან წლებში პოპულარობა მოუტანა. ტრიერის „შერისხვის“ მიზეზი ჰიტლერზე ხუმრობა გახდა. 2011 წელს კანის ფესტივალზე პრესკონფერენციის დროს, თავის გერმანულ ფესვებზე ლაპარაკისას რეჟისორმა თქვა, რომ ებრაელების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა „ჰიტლერის მიმართ პატარა სიმპათიები გააჩნია“. ტრიერმა იქვე აღნიშნა, რომ იხუმრა და შემდეგ თავის სიტყვების გამო ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ფესტივალმა ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ეს სტატუსი მას მხოლოდ 2013 წელს მოუხსნა. სკანდალური „ნიმფომანის“ შემდეგ, რომლის ორი ნაწილი ტრიერმა ბერლინსა და ვენეციაში წარადგინა (დემონსტრაციულად გამოტოვა რა კანი), რეჟისორმა ფრანგულ ფესტივალზე დაბრუნება ახალი ნამუშევრით გადაწყვიტა – „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“. ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (მისთვის უჩვეულოდ ხანგრძლივი პაუზა) ტრიერის პირველი ნამუშევარია. მას არასაკონკურსო ფილმებში აჩვენებენ.

დახურვის ცერემონია

წელს კანის ფესტივალი არა კვირას, არამედ შაბათს დაიხურება. ვენეციის და ბერლინის ფესტივალები დიდი ხანია რაც პრიზებს ასე აცხადებენ. ბოლო დრომდე კანის ფესტივალი უპირატესობას კვირის ბოლო დღეს ანიჭებდა. ასევე კანში პირველად მრავალი წლის შემდეგ დახურვაზე აჩვენებენ მართლაც მნიშვნელოვან ფილმს, ტერი გილიამის მრავაწლიან პროექტს „ადამიანი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა“. თუმცა შეიძლება ის არც აჩვენონ. საქმე ის არის, რომ რეჟისორს ფილმის საავტორო უფლებებზე სასამართლო დავა აქვს პროდიუსერ პაოლო ბრანკოსთან და თუ ფესტივალის მიმდინარეობისას საქმეს პროდიუსერი მოიგებს, პრემიერა გაუქმდება.