კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში ინტეგრირებული საბავშვო კინო-კლუბი „შერეკილები“ იხსნება.
კლუბის მიზანია, შემეცნებითი-საგანმანათლებლო სეანსების მეშვეობით, კინომაყურებლის აღზრდა, მოზარდებში დისკუსიის უნარების განვითარება და ახალგაზრდა კინომცოდნეების პროფესიული დახვეწა.
კლუბის წევრები 8-12 და 13-17 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები არიან. პირველ ეტაპზე, აკადემიის ლურჯი დარბაზის პარალელურად, სეანსები ჩატარდება თბილისის დღის ცენტრებში, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან. რამდენიმე ჩვენების შემდეგ კი დაგეგმილია ინტეგრირებული შეხვედრები, რომლებზეც გამოცდილების მქონე მოზარდები, თანატოლებთან ერთად, უკვე თამამად შეძლებენ კონკრეტული ფილმების ირგვლივ აქტიური დისკუსიის გამართვას.
ფილმები და სადისკუსიო თემები განსაზღვრულია მასწავლებლების, მშობლების, ფსიქოლოგებისა და კინომცოდნეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ.
სეანსებს გამოცდილი კინოსპეციალისტები ახალგაზრდა კინომცოდნეებთან ერთად გაუძღვებიან.
კლუბის ფარგლებში დაგეგმილია კინოს თემატიკის გასართობი თამაშებისა და ღია ცის ქვეშ ჩვენებების ორგანიზება.
კინოკლუბი „შერეკილები“ საქართველოს კინოაკადემიის, ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი ჩვენებების ქსელისა და ორგანიზაცია ოპიოდოკის პარტნიორობით შეიქმნა.