პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება უკან ↩

პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 2018 წელს სტუდია „მემატიანეში“ არსებული 12 000 ყუთი კინოფირის ტექნიკური დამუშავება, გაწმენდა და თითო მასალიდან 1 წუთის ციფრულ ფორმატში გადაყვანა მოხდა.

24 დეკემბერს, 10:30 საათზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ესტუმრებიან და საარქივო მასალებს დაათვალიერებენ.

პროექტი „საქართველოს მატიანე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით 2017 წლიდან მიმდინარეობს.

პროექტი გულისხმობს სტუდია „მემატიანეს“ არქივიდან კინოფირების (დოკუმეტური აუდიო და ვიზუალური მასალის) გაწმენდას, დახარისხებას, მათი მდგომარეობის დადგენას, აღრიცხვასა და მასალის ნაწილის ციფრულ ფორმატში გადატანას.

პირველ ეტაპზე, 2017 წლის 15 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, მემატიანეში არსებული კინოფირებისა და აუდიო-მასალის ნაწილის, 4385 კოლოფის ტექნიკური დამუშავება, გაწმენდა და დიგიტალიზაცია განხორციელდა. პროექტის მეორე ეტაპზე, ხორციელდება 12 000 კოლოფის ტექნიკური დამუშავება, გაწმენდა და თითო მასალიდან 1 წუთის გაციფრულება. ფირების ციფრულ ფორმატში გადაყვანას კინოსტუდია „ქართული ფილმი“ საკუთარ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე ახორციელებს.

შესრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს საგანგებო კომისია:

ზურა მაღალაშვილი – კინოცენტრის დირექტორი
გიორგი კალანდია – ხელოვნების სასახლის დირექტორი
ნინო ძანძავა – ეროვნული არქივის წარმომადგენელი
ვერა ნიკოლაძე – ექსპერტი

„საქართველოს მატიანე“

კინოსტუდია „მემატიანეს“ საცავში დაცულია უნიკალური საფილმო მასალები და მათი რაოდენობა 25 000 ყუთს აღემატება, მათ შორის არსებობს არაიდენტიფიცირებული ქრონიკალურ-დოკუმენტური მასალა (დაახლოებით 3000 ყუთი) რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის უნიკალურ მომენტებს შეიცავს – 1918 წლიდან 2000 წლამდე. მათ შორის არის დავით სარაჯიშვილის დაკრძალვის კადრები სავ: 1911 წ, საქართველოს გვარდიის სავ. 1918-21 წ, ჯარების ბათუმში შემოსვლა სავ: 1920 წ, აფხაზეთის ომის ქრონიკები, დოკუმენტური ციკლის „საქართველოდან ევროპაში“ უნიკალური მასალა და სხვა. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული ფირების გაწმენდა, იდენტიფიცირება, დათარიღება, საინფორმაციო ბაზის შექმნა, იმისათვის რომ ვიცოდეთ, თუ რა სიმდიდრეს ფლობს ჩვენი ქვეყანა.