დღეს, ქართული საოპერატორო ხელოვნების დიდი ოსტატი და პატრიარქი, ლევან პაატაშვილი – იუბილარია!
მას 94 წელი შეუსრულდა. საქართველოს კინოაკადემია ულოცავს ბატონ ლევანს დაბადების დღეს, დღეგრძელობას და მხნეობას ვუსურვებთ მას!
ლევან პაატაშვილი, რომელმაც უდაოდ საოცარი, სინათლითა და ადამიანურობით სავსე, პოეტური კინოსამყარო შექმნა, აღიარებულია – მსოფლიო კინოსაოპერატორო სკოლის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელად. ”უამრავი ადამიანი იღებს კარგად, მაგრამ ოპერატორი არის ცოტა… ოპერატორის პროფესიას მე შევადარებდი პოეტისა და დირიჟორის სიმბიოზს და სწორედ ეს აქვს ბატონ ლევანს და ეს გამოარჩევს მას ყველა ოპერატორისგან მსოფლიოში. მას ისეთ ქვეყანაში და ისეთ ეპოქაში მოუხდა ცხოვრება, რომ არ ჰქონდა დიდი ”პრომოუშენი”. თორემ სტორაროზე ნაკლები იგი ნამდვილად არ არის.”- ამბობს ბატონი ლევანის მოსწავლე – დავით გუჯაბიძე.
ლევან პაატაშვილმა კინოსაოპერატორი განათლება მოსკოვის საკავშირო კინომეტოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში მიიღო ბ. ვოლჩეკის სახელოსნოში. თენგიზ აბულაძის „სხვისი შვილები“ (1958) მისი კინოდებიუტი იყო, სადაც ნათლად გამოჩნდა კადრის აგების ორიგინალური მცდელობები, შუქ-ჩრდილი, რაკურსი, მოძრაობის მომცველობითი ჩვენება კადრში, სიღრმისეული პერსპექტივის ორიგინალური განცდა. შემდგომ მასთან მუშაობა უკვე დიდ ინტერესს იწვევდა არა მარტო ქართველ რეჟისორებში – „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (1959), „ერთი ცის ქვეშ“ (1961), „თოჯინები იცინიან“ (1963), „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ (1981); „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983); „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ (1984); „ნეილონის ნაძვის ხე“ (1986), „ნახვამდის, ბიჭებო“ (1964, რეჟისორი მ. კალიკი) და „რბოლა“ (1970, რეჟისორები ალ. ალოვი და ვლ. ნაუმოვი), „რომანსი შეყვარებულებზე“ (1974 ა.მიხალკოვ-კონჩალოვსკი) „სიბირიადა“ (1978, რეჟისორი ა.მიხალკოვ-კონჩალოვსკი) და სხვ.
ლევან პაატაშვილმა შექმნა უნიკალური ნაშრომი „ნახევარი საუკუნე ლეონარდოს კედელთან. საოპერატორო პროფესიის გამოცდილებიდან“ (მოსკოვი, 2006). იგი არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).
გთავაზობთ ამონარიდს ლევან პაატაშვილის ჩანაწერებიდან, რომელიც დღეს განსაკუთრებით საგულისხმო და კარგი რჩევაა ყველა კინემატოგრაფისტისთვის: „დღეს მთავარია განვსაზღვროთ მიმართულება, რომელმაც ოპერატორის აზრი უნდა განავითაროს. ტრადიციულმა ხელოვნებამ მტკიცე და სანდო ფუნდამენტი შექმნა იმისათვის, რომ თამამად ვიაროთ წინ, განვავითაროთ და შევავსოთ ის, რაც მასში ყველაზე მეტად სიცოცხლისუნარიანია. დრო ბევრ რამეს თვითონ განსაზღვრავს – უვარგისსა და დროებითს თავად უკუაგდებს. დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს ფილმში ოპერატორის ჭეშმარიტი როლისა და მნიშვნელობის აღდგენას. აუცილებებლია ოპერატორთა მომავალი კადრების გულდასმით მომზადება – არა ხელოსნებისა, არამედ ტექნიკისა და ხელოვნების ღრმად მცოდნე ოსტატებისა. დღეს კინემატოგრაფს მხოლოდ თავისი საქმის პროესიონალები კი არ სჭირდება, არამედ პიროვნებები, რათა თამამად შევძლოთ ოპერატორის კეთილშობილურ საქმეში ახალი გზების გაყვანა.”