საქართველოს კინოაკადემია გაცნობებთ სასიამოვნო სიახლეს – კინოს სახლის მცირე კინოდარბაზის შესახებ.
92 მაყურებელზე გათვლილი, მულტიფუნქციური, განახლებული კინოს სახლის მცირე კინოდარბაზი, ახლა უკვე გთავაზობთ ფილმების ნახვას და ჩვენებას „DCP“ ფორმატშიც.
შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთი წელია დასრულდა კინოს სახლის მცირე კინოდარბაზის რეკონსტრუქცია. 92 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური დარბაზი, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, აღიჭურვა ახალი, თანამედროვე, ციფრული აპარატურით, რაც გულისხმობს კინოსაპროექციოს, ეკრანს, 5.1 DOLBY surround აუდიო სისტემას, საკონფერენციო აუდიო სისტემას. დარბაზში განახლდა სკამები, იატაკი, კედლები, სცენა, დამონტაჟდა სპეციალური აკუსტიკური მასალა, ახალი განათება და შეიცვალა გათბობისა და კონდენცირების სისტემა.
ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კინოს სახლის მცირე კინოდარბაზში, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ნებისმიერი ვიდეო ფორმატის მქონე ფილმები, რადგან არსებულ ე.წ. „Blu-ray“ სისტემასთან ერთად, უკვე შესაძლებელია ფილმების ჩვენება ე.წ. „DCP“ ფორმატშიც. (და სხვა ნებისმიერ ვიდეო ფორმატებშიც)
საქართველოს კინოაკადემიის მიზანია, რომ განახლებულმა კინოდარბაზმა გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც ალტერნატიულმა სივრცემ კინომოყვარულთათვის, აგრეთვე თანამშრომლობის ფარგლებში შესთავაზოს სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ ინსტიტუციებს მყარი კულტურული პლატფორმა, რომელიც დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებსა და მოლოდინს. აქედან გამომდინარე, კინოდარბაზს, გარდა კინოჩვენებებისა, ექნება საშუალება უახლოეს მომავალში უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს:
- პრეზენტაციებს;
- მასტერკლასებს;
- ვორქშოფებს;
- კონფერენციებს;
- ფესტივალებს;
- თემატურ საღამოებს;
- სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებს.