საქართველოს კინოაკადემიის წევრების მიმართვა საზოგადოებას უკან ↩

პატივცემულო საზოგადოებავ,

            ყველასათვის ცნობილია, რამდენი გამოწვევის წინაშე დგანან ქვეყნები, რომელთაც სულ ახლახან დააღწიეს თავი ტოტალიტარიზმის მარწუხებს და თანამედროვე დემოკრატიის მშენებლობის მძიმე გზას დაადგნენ. ისიც ნათელია, რომ დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი თავისუფალი აზროვნებაა, ხოლო იმისათვის, რომ საზოგადოებამ ზნეობრივი საყრდენები არ დაკარგოს, თავისუფალ აზროვნებას გარკვეული შეზღუდვები სჭირდება. მათ შორის ერთერთი მთავარია: პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არ მისცე თავს ცილისწამების უფლება, არ შებღალო ღირსება პიროვნებისა, რომელიც ამას არანაირად არ იმსახურებს. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, თუ ამ პიროვნებას დიდი ღვaწლი მიუძღვის ქართული კულტურის განვითარებაში და თავის ღირსებას ვერ დაიცავს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცოცხალი არ არის.

ამ შემთხვევაში საქმე ბატონ სიკო დოლიძეს ეხება. კინორეჟისორს, რომელმაც საბჭოთა ცენზურის მძვინვaრების პირობებში შექმნა ხალხისთვის საყვარელი ფილმები, რომელმაც დააარსა საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი და რომელსაც ჩვენ, მაშინ ახალგაზრდა რეჟისორები, ვიცნობდით, როგორც ძალიან კეთილ, გულისხმიერ და სხვათა დამხმარე ადამიანს.

მიგვაჩნია, რომ ბატონი სიკო დოლიძის განქიქების მცდელობა არ არის კერძო მოვლენა. ის თავის თავში ტენდენციად ქცევის შესაძლებლობას მოიცავს, ხოლო ამგვარი ტენდენცია ამკვიდრებს ნიჰილიზმს და საშიში და დამანგრეველია საზოგადოებისთვის, რომელმაც ჯერ საფუძვლიანად ვერ გაითავისა დამოუკიდებლად და თავისუფლად ცხოვრების წესი.

მოვუფრთხილდეთ  ჩვენს წარსულს, ჩვენს კულტურას და ადამიანებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მათ შექმნაში.

საქართველოს კინოაკადემიის წევრები:

  1. ლანა ღოღობერიძე
  2. ელდარ შენგელაია
  3. მერაბ კოკოჩაშვილი
  4. საშა რეხვიაშვილი
  5. რეზო ესაძე
  6. ლომერ ახვლედიანი