ვულოცავთ მერაბ კოკოჩაშვილს 85 წლის იუბილეს! უკან ↩

მერაბ კოკოჩაშვილი: “კულტურა არის საფუძველი, ის ფუნდამენტი, რაზეც ყველაფერი დგას.”
მერაბ კოკოჩაშვილი იუბილარია!
დღეს, 21 მარტს, არაჩვეულებრივ ქართველ რეჟისორს და შესანიშნავ ადამიანს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს 85 წელი შეუსრულდა.
„გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება კულტურის მიმართ დამოკიდებულებას. უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ დეგრადაციას განიცდის. კულტურა არის საფუძველი, ის ფუნდამენტი, რაზეც ყველაფერი დგას. პოლიტიკაც, სოციალური ურთიერთობებიც, ჯანმრთელობაც, ჭამა-სმაც და ყველაფერი. ამაზე გაცილებით მეტი ყურადღებაა საჭირო და ვფიქრობ, ხელისუფლებას ამის მიმართ ძალიან სერიოზული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. საჭიროა სტრატეგიის გამომუშავება, რომელშიც კულტურა ერთ-ერთ გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს” – ამბობს ბატონი მერაბი.
ბატონი მერაბი კინემატოგრაფისტთა უფროს თაობას მიეკუთვნება, მაგრამ ვინც იცნობს მას დაგვეთანხმება, რომ მასზე ახალგაზრდა – არავინაა…
ის არის დაუზარელი, აქტიური, ერეგიით აღსავსე, დასახმარებლად ყოველთვის მზად მყოფი ადამიანი…
მან, როგორც რეჟისორმა, უდიდესი გარდაქმნები მოახდინა თავისი „ხმელი წიფელით“ და „დიდი მწვანე ველით“, ეროვნული სატკივარი ააჟღერა ფილმებში: „გზა მშვიდობისა, ჯაყო“ და „ცხელი ზაფხულის სამი დღე“.
90-იანიწლების საზოგადოების ტკივილი დაგვანახა ფილმში “ნუცას სკოლა“ და კიდევ ბევრი რამ… მანვე შექმნა უნიკალური ფილმი საქართველოს ისტორიის შესახებ – მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმით „გზა” (1983), რომელსაც უდიდესი აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღირებულება აქვს და ისტორიულ-დოკუმენტური ფილმების ოქროს ფონდის კუთვნილებად არის ქცეული.
მოგეხსენებათ, ბატონი მერაბი ახლაც ახალ ფილმზე მუშაობს.
“ტერცო მონდო” – ასე ქვია მერაბ კოკოჩაშვილის ახალ ფილმს, რომლის გადაღებები დასასრულს უახლოვდება. საქართველოს კინოაკადემია ულოცავს ბატონ მერაბს დაბადების დღეს! ვისურვებთ ჯანმრთელობას, შემართებას და დიდ შემოქმედებით წარმატებებს! ქართველი მაყურებელი კი – სულმოუთქმელად ელის მერაბ კოკოჩაშვილის ახალ სურათს!