ვულოცავთ ქალბატონ ლანა ღოღობერიძეს კიდევ ერთ საპატიო ჯილდოს – საპატიო თბილისელის წოდებას! უკან ↩

2018 წლის 8 ოქტომბერს, “თბილისობის” დღესასწაულის საზეიმო აღნიშვნა, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დასრულდა.
საქართველოს კინოაკადემია ულოცავს ქალბატონ ლანა ღოღობერიძეს კიდევ ერთ საპატიო ჯილდოს – საპატიო თბილისელის წოდებას, რომლითაც ქალბატონი ლანა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დააჯილდოვა!
“39-ე წელია, რაც ჩვენი დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, ის განსაკუთრებული სითბო, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, რაც აქ ტრიალებს, მთელი წლის განმავლობაში იგრძნობოდეს ჩვენს ქალაქში. თბილისი მდიდარია თავისი ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით, რითაც სამართლიანად ვამაყობთ. ასევე, მდიდარია წარმატებული ადამიანებით, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მის განვითარებასა და წინსვლაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
არა ერთხელ დაწერილა, რომ ქალბატონი ლანა არის მსოფლიოში გამოჩენილი კინორეჟისორი, სცენარისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი-მწერალი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), წ.), უამრავი ჯილდოს და პრიზის მფლობელი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1954წ.), დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ყოფილი ელჩი – ევროსაბჭოში, უამრავი წიგნის მთარგმნელი, მან თარგმნა: უიტმენის, თაგორის, ახმატოვას, პასტერნაკის ლექსები; ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას, ხელმძღვანელობდა სარეჟისორო ჯგუფს თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში (1977-83); გადაიღო ფილმები, რომლებიც მაყურებელმა ეკრანზე გამოსვლისთანავე შეიყვარა და რომელთა უმეტესობაც, სხვადასხვა დროს, დაჯილდოვდა საერთაშორისო კინოფესტივალებზე:
“ნაღვლისფერი სიხარულის ქრონიკა“ (2014წ)
„ვალსი პეჩორაზე“ (1992წ.)
„ორომტრიალი“ (1986წ.) – ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი – საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის. (1987წ.
„დღეს ღამე უთენებია“ (1983წ.) – კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მაყურებლის პრიზი. (1982წ.)
„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978წ.) – სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის „გრან-პრი“. (1979წ.)
„აურზაური სალხინეთში“ (1975წ.)
„როცა აყვავდა ნუში“ (1972წ.)
„ფერისცვალება“ (1968წ.)
„მე ვხედავ მზეს“ (1965წ.)
„ერთი ცის ქვეშ“ (1961წ.)
მაგრამ შესაძლოა ბევრმა არ იცის და არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი გულისხმიერება, როგორც ადამიანის და როგორც მოქალაქის, რაც ვლინდება კოლეგების, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდებისადმი და ზოგადოდ, ადამიანებისადმი დამოკიდებულებაში. მისი ამოუწურავი ენერგია, ავტორიტეტი, სიმართლისადმი უკომპრომისო დამოკიდებულება, თითმის ყოველთვის ყველა ბარიერს არღვევდა!…
ქალბატონი ლანას ეს გამორჩეული თვისება, ცხადია, ყოველდღიურობაში არ იკვეთება, თუმცა, ეს არის მისი მოქალაქეობრივი მრწამსი, რომელიც გამოარჩევს მას საზოგადოებაში და კიდევ ბევრი რამ, რაც ვლინდება ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.
ყოველივე ამისათვის – დიდი მადლობა, ქალბატონ ლანას! მაყურებელი კი განსაკუთრებული ინტერესით ელის კინორეჟისორის ახალ მხატვრულ ფილმს, რომელიც, როგორც ქალბატონი ლანა თავად ამბობს – მის ფილმოგრაფიაში, ყველაზე გულწრფელი ფილმი იქნება.