ააიპ „საქართველოს კინოაკადემიის“ ვიცე-პრეზიდენტის ნიკოლოზ აბრამაშვილის და კინოაკადემიის გამგეობის წევრების გადაწყვეტილებით, ააიპ „საქართველოს კინოაკადემიის“ რიგგარეშე ყრილობა ჩატარდება შემდეგი წესით:
- პანდემიური ვითარების გათვალისწინებით და ყრილობის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ყრილობა გაიმართება 2022 წლის 17-25 იანვარს (ექვსი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- მოწვეული იქნება კინოაკადემიის წევრთა 10 კაციანი ჯგუფები, დღეში 5 ჯგუფი;
- აღნიშნული ჯგუფები რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მიიღებენ ბიულეტენებს, გაეცნობიან პრეზიდენტობის კანდიდატების ვიდეო მიმართვებს და გააკეთებენ თავიანთ არჩევანს;
- პრეზიდენტობის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შესახებ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: geofilmacademy@gmail.com, ან ბეჭდური სახით, კინოაკადემიის ოფის-მენეჯერთან (ტელ.:577-34-54-51) წინასწარი შეთანხმებით, არაუგვიანეს 2021 წლის 17 დეკემბრისა. ასევე, კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ვიდეომიმართვა (ვიდეოს მაქსიმალური ხანგრძლივობა 7 წუთი) არაუგვიანეს 2022 წლის 10 იანვრისა; ასევე, სურვილისამებრ, შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი პროგრამა ბეჭდური სახით;
- საარჩევნო კომისია შედგება პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატის არაუმეტეს 2 (ორი) წარმომადგენლისგან, რომელიც უნდა იყოს კინოაკადემიის წევრი. ასევე, ადმინისტრაციის მხრიდან შერჩეული ერთი წარმომადგენლისგან, ასევე კინოაკადემიის წევრი;
- იმ შემთხვევაში, თუ კომისიის ერთი ან რამოდენიმე წევრი საპატიო ან არა საპატიო მიზეზით არ დაესწრება საარჩევნო პროცესის რომელიმე დღეს, იგი ავტომატურად კარგავს ოქმზე ხელმოწერის და რაიმე პრეტენზიის დაფიქსირების უფლებას;
- იმის გამოსარიცხად, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები არ აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეობაში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, რომელიმე კანდიდატმა შეიძლება ვერ მოახერხოს ექვსი დღის განმავლობაში დღეში 5 ჯგუფთან ცალ-ცალკე საარჩევნო პროგრამის გაცნობა, გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეული კანდიდატის პროგრამის გაცნობა მოხდეს მხოლოდ ვიდეო მიმართვით და ყრილობის მიმდინარეობისას არც ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი არ დაიშვება საპროცედურო დარბაზში;
- საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების მსვლელობის ყოველი დღის ბოლოს უნდა განხორციელდეს საარჩევნო ყუთის გახსნა, ბიულეტენების გადათვლა, ხმების გადათვლა და მონაცემების ოქმში ასახვა, რის შემდეგაც კომისიის უკლებლივ ყველა წევრმა ოქმის სისწორე უნდა დაადასტუროს ოქმზევე ხელმოწერით.